თეგი: ექსპატი

რომელ ქვეყნებს ირჩევენ ექსპატები

ექსპატებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების სია ცნობილია. 2025 წელს, 46 ქვეყნიდან პირველ ადგილზე პანამაა. კვლევის ხუთივე ძირითადი ინდექსის მიხედვით, პირველი ადგილი სწორედ ამ ქვეყანამ დაიკავა, მათ შორის, საზღვარგარეთ მუშაობის კრიტერიუმის მიხედვით. მეორე ადგილი კი, ქვეყანაში დამკვიდრების სიმარტივისა და ექსპატისთვის აუცილებელი ფაქტორების თვალსაზრისით, ხოლო მესამე ადგილი ცხოვრების ხარისხისა და პირადი ფინანსების მიხედვით დაიკავა. ფრილანსერებში, მომთაბარეებსა და პენსიონერებში პოპულარული პანამა ძირითადად, იზიდავს ადამიანებს, რომლებიც მის ბუნებრივ სილამაზეს და გარე აქტივობებს აფასებენ. მეორე ადგილზე მყოფმა კოლუმბიამ განსაკუთრებით კარგი ქულები დააგროვა პირადი ფინანსების (მეორე) და დამკვიდრების სიმარტივის (მესამე) რეიტინგებში. ცხოვრების დაბალმა ფასმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რადგან ხუთიდან თითქმის ოთხი ექსპატი ამბობს, რომ კმაყოფილია აქ არსებული ფინანსური მდგომარეობით. ეს კმაყოფილება ასევე ვრცელდება კუთვნილების განცდაზე, რადგან 80%-მა თქვა, რომ თავი ქვეყანაში მიღებულად და სახლში იგრძნო. მექსიკა მესამე ადგილზეა, მისი რეიტინგი კი, მეგობრული კულტურის წყალობით გაიზარდა. აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ მექსიკაში კავშირების დამყარება მარტივია. „ხალხი, კულტურა, საკვები, საოცარი სილამაზე, ცხოვრების ღირებულება, ჯანდაცვა - ეს ყველაფერი აქ ცხოვრების შესანიშნავი მიზეზებია,“ - განაცხადა ამერიკელმა დევიდ რაითმა, რომელიც პლაია დელ კარმენში ცხოვრობს და მარკეტინგული სააგენტოს მფლობელია. ტაილანდმა საერთო რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა, განსაკუთრებით, კარგი ქულებით საერთო ბედნიერების (მეორე ადგილი) და პირადი ფინანსების (მესამე ადგილი) რეიტინგებში. აქ დასახლება ასევე მარტივია, რაც მას მეგობრების პოვნისა და ადგილობრივი მეგობრული დამოკიდებულების ტოპ 10-ში ქვეყანაში ანიჭებს ადგილს. ვიეტნამი პირველ ხუთეულში მოხვდა, პირადი ფინანსების ინდექსით პირველი და საერთო ბედნიერების ინდექსით მერვე ადგილზეა. ვიეტნამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყანაა. ათეულში ასევე არიან ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოდეთი, ესპანეთი, მალაიზია. მსოფლიო მიგრაციის ანგარიშის თანახმად [სულ 172 ეროვნების 10 000-ზე მეტი ექსპატი გამოიკითხა], მსოფლიო მოსახლეობის 3.6% საერთაშორისო მიგრანტად ითვლება. დღეს უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს თავისი წარმოშობის ქვეყნის გარეთ, ვიდრე ოდესმე.  საზღვარგარეთ გადასვლას როგორც გამოწვევები, ასევე, სარგებელი მოაქვს, მაგრამ ერთ-ერთი ბოლოდროინდელი კვლევა აჩვენებს, რომ ექსპატის ბედნიერებას ახლა უფრო მეტად განსაზღვრავს ერთი ფაქტორი, ვიდრე ოდესმე - და ეს არის ფული.