თეგი: ექსპერტიზის ბიურო
ამერიკის საელჩო: სისხლის სამართლის ძლიერი სისტემა აუცილებელია დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად და ეკონომიკის განსავითარებლად
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ესტუმრა, დაათვალიერა კრიმინალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ლაბორატორიები და ბიუროს ხელმძღვანელ მამუკა ჯანგულაშვილს მიმდინარე თანამშრომლობასა და ამ ინსტიტუტის კრიტიკულ მნიშვნელობაზე სასაუბროდ შეხვდა. „სისხლის სამართლის ძლიერი სისტემა აუცილებელია საჯარო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად და ეკონომიკის განსავითარებლად. საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაარსების დღიდან მხარს უჭერს აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ოფისი, რომელმაც $5.5 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება გამოყო ექსპერტიზის თანამედროვე აღჭურვილობის, პროფესიული მომსახურების, საერთაშორისო გადამზადების შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციამ 14 აგვისტოს გამოსცა. უცნობია, რა გახდა ჯანგულაშვილის გათავისუფლების მიზეზი. მამუკა ჯანგულაშვილი ექსპერტიზის ბიუროს უფროსის პოსტზე 2021 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე იგი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.