თეგი: ე.წ. რეფერენდუმი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: ოკუპანტები გამუდმებით ცვლიან "რეფერნდუმის" თარიღს, თვითონაც არ არიან დარწმუნებულები, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას შეძლებენ
ოკუპანტები გამუდმებით ცვლიან ე.წ. რეფერნდუმის თარიღს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თვითონაც არ არიან დარწმუნებულები, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას შეძლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა. ხერსონის ოლქის ადმინისტრაცია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს მისივე თქმით, "რეფერენდუმი" არ შედგება. „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რეფერენდუმი არ შედგება, იმიტომ რომ ეს ტერიტორიები არ იქნება რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ. „ხმის მიცემის“ გამართვასთან დაკავშირებით მესიჯების გამუდმებული გაჟღერებით მოსკოვი აჩვენებს, რომ დარწმუნებული არ არის, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას შეძლებს“,- განაცხადა ჟოვკვამ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსეთი ოკუპაციის გამართლების მიზნით გეგმავს „დადგმული რეფერენდუმის“ ჩატარებას უკრაინის სამხრეთში მდებარე ხერსონში - "ამ ქალაქს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად - ყირიმთან სახმელეთო კავშირისა და უკრაინის სამხრეთში დომინირებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.