თეგი: ე.წ. ჰიბრიდული ომი
მიხეილ სააკაშვილი: დღეს მოქალაქეებს შთააგონებენ, რომ ქუჩაში გასვლას აზრი არ აქვს - ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ უნდა შევწყვიტოთ
"დღეს მოქალაქეებს შთააგონებენ, რომ ქუჩაში გასვლას აზრი არ აქვს და ვინც მიტინგზე გადის, უსამშობლო და უღმერთოა. შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამასთან, სააკაშვილი განმარტავს, რას ნიშნავს როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. ჰიბრიდული ომი წარმოებს. „როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს „ჰიბრიდული ომი“, უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ეს. 1) მოქალაქეებს შთააგონებ, რომ მათზე არაფერი არაა დამოკიდებული. აბა მე რა ვქნა? ჩემზე რა არის დამოკიდებული? რა აზრი აქვს ქუჩაში გასვლას? 2) ჩვენი ბედი არ წყდება აქ მაინც. არსებობს სხვა მსოფლიო ცენტრები და იქ მზადდება შეთქმულებები საქართველოს წინააღმდეგ. 3) ხდება შოკირება ხალხის რუსული კალკით. ჩვენთან ეს იყო ქვევრში ჩამხრჩვალი რაფალიანცი. სლოვიანსკში ვითომ ჯვარზე გაკრული 3 წლის ბიჭი. 4) ყოველდღე ჩაგვაგონებენ, რომ დემოკრატია ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ, კონსერვატიულ ღირებულებებს. (ვინც მიტინგზე გადის ის არის უსამშობლო, უღმერთო და აშ.) 5) სრულიად შეგნებულად ხორციელდება შეტევა კულტურაზე, ვინაიდან სატელევიზიო ახალ ამბებზე მეტად, კულტურა აყალიბებს მენტალიტეტს. 6) დღევანდელობის ნაცვლად არის მცდელობა აქცენტი გადაიტანონ სულ სხვა ამბებზე ერეკლეზე, გარეჯზე და ა.შ“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, ის საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების საკითხსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მთავარია მოქალაქეებმა შეწყვიტონ ქვეყნის შიგნით „ცივი ომი“ და ბრაზი არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე მიმართონ. „ახლა ორიოდე სიტყვა საქართველოში შემოსულ რუსებზე. 1) ამ რუსების უმეტესობასაც მიაჩნია, რომ მათზე არაფერი არ არის დამოკიდებული, ისინი არაფერ შუაში არ არიან და სინდისი არ უნდა აწუხებდეთ, მაგალითად აფხაზეთზე ან ცხინვალზე. 2) მათ ქართველები მიაჩნიათ მეორეხარისხოვან არსებებად, მომსახურე პერსონალად, განუვითარებლად და არაანგარიშგასაწევად. რა უნდა ვქნათ ჩვენ. მთავარი - შევწყვიტოთ ქვეყნის შიგნით ცივი ომი და ბრაზი მივმართოთ არა ერთმანეთზე, არამედ დამპყრობელზე. მუდმივად შევახსენოთ შემოსულებს, რომ მათ ინდივიდუალურად მიუძღვით პასუხისმგებლობა ოკუპაციაზე, ქართველების ჩაგვრაზე. და რაც მთავარია ვიაზროვნოთ, ნუ გვეშინია ჩვენი აზრის ხმამაღლა გამოხატვის - ესაა ჩვენი მთავარი გადარჩენა“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ამასთან, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.