თეგი: ვადიმ ზავორიტნი
ადვოკატის თქმით, უკრაინის სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, ქართულ მხარეს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემის შესახებ
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ვადიმ ზავორიტნი აცხადებს, რომ უკრაინაში 2018 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკითხვის მიზნით, სააკაშვილი უკრაინულ მხარეს დროებით უნდა გადასცენ. ადვოკატი განმარტავს, რომ სააკაშვილი აღნიშნულ ფაქტზე დაზარალებულად არის ცნობილი. მისივე თქმით, უკრაინულმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ დაავალა, ქართულ მხარეს სააკაშვილის დროებითი გადაცემის შესახებ მიმართოს. საქმე ეხება გარემოებას, როდესაც 2018 წელს მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნეს. მე მაშინ მისი წარმომადგენელი ვიყავი. საქმე წარიმართა სასამართლოში და ახლა საქმის მასალების შესწავლა ხდება. მე მქონდა უფლება, მომეთხოვა მისი დროებით გადმოცემა, რომ საგამოძიებო მოქმედებები განგვეხორციელებინა. გვსურს, დავკითხოთ, როგორც დაზარალებული. ეს პოზიცია ჯერ კიდევ ძალიან ადრე შევათანხმეთ თავად სააკაშვილთან. აქამდე ვაგროვებდით ამისთვის საბუთებს და დღეს სასამართლომ დაავალა იუსტიციის სამინისტროს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს სააკაშვილის დროებით გადაცემაზე. სასამართლო დაზარალებულს უშუალოდ დარბაზში თავად ჰკითხავს. მესმის, რომ ის ახლა ციხეშია, მაგრამ არსებობს პროცედურა, რომელიც გვრთავს ნებას, დაკავებული ადამიანი გადავიყვანოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე. არსებობს ნორმა, რომელიც არეგულირებს, როგორ გადმოსცენ და დააბრუნონ პატიმარი. არავინ ამბობს, რომ სამუდამოდ გადმოსცენ უკრაინას“, - აცხადებს ვადიმ ზავორიტნი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.