თეგი: ვასილი ნებენზია

გაეროში რუსეთის ელჩმა გამოაცხადა, რომ „უკრაინელია”

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა მარიანა ბეცამ რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვასილი ნებენზია დაადანაშაულა მანიპულაციასა და რუსული პროპაგანდის გავრცელებაში, მას შემდეგ, რაც ნებენზიამ გამოაცხადა, რომ „ნამდვილი უკრაინელია” და ზოგადად, რუსებსა და უკრაინელებს შორის განსხვავება არ არის. ნიუ-იორკში, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, 24 თებერვალს განიხილავდნენ უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციას და ომის დასრულების გზებს. „ფორმალურად რომ ვთქვათ, მე უკრაინელი ვარ. ასეთი უცნაური გვარი მაქვს. სლავებმა იციან, რომ მას რთულად იპოვი უკრაინაშიც კი. ის(გვარი) ზაპოროჟიელი კაზაკებიდანაა”, - თქვა სხდომაზე გამოსვლისას ვასილი ნებენზიამ და დასძინა, რომ მისი მამა იმაზე ნამდვილი უკრაინელი იყო, ვიდრე უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი მარიანა ბეცაა. „მაგრამ ჩვენთვის განსხვავება არ არის, ჩვენ ყველანი ერთი ვართ," - განაცხადა ნებენზიამ. „ბატონო ნებენზია, თქვენ უკრაინელი არ ხართ, თავს ნუ იკატუნებთ. მეორე - ჩვენ არ ვართ ერთი ხალხი და არასდროს ვიქნებით,“ - მიმართა რუსეთის წარმომადგენელს უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში მარიანა ბეცამ. უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, უკრაინა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული ქვეყანაა, ხოლო რუსეთი - აგრესიული სახელმწიფო, რომელიც დაკავებულია ტერორით, ომისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულით და გენოციდით. საჯარო წყაროების მიხედვით, საბჭოთა პერიოდის დოკუმენტებში ვასილი ნებენზიას მამის, ალექსეი ნებენზიას ეროვნებად უკრაინელია მითითებული. ამასთან, ალექსეი ნებენზია, რომელიც საბჭოთა პარტიული მუშაკი იყო, რუსეთის სარატოვის გუბერნიაში დაიბადა. თავად ვასილი ნებენზია რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადშია დაბადებული.