თეგი: ვასილ ლოზინსკი
უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა დენის კირეევის მკვლელობის დეტალებზე ისაუბრა
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მონაწილე, დენის კირეევი, რომელიც კიევში, მარტის დასაწყისში მოკლეს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს შტატიანი თანამშრომელი იყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში უწყების ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. ბუდანოვის თქმით, კირეევი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს. ბუდანოვი კატეგორიულად გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ კირეევი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა. ბუდანოვის თქმით, მისთვის ცნობილია მათი ვინაობა, ვინც კირეევი მოკლა. მისივე განცხადებით, კირეევის მკვლელობის უკან დგანან ისინი, ვისაც არ სურდა უკრაინის გამარჯვება. სხვა დეტალები თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელს არ უხსენებია. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამართული მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე, კირეევი უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იყო. ის 5 მარტს მოკლეს. მაშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავების მცდელობისას რუსეთის აგენტი მოკლეს, მაგრამ მოგვიანებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კირეევი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი იყო.