თეგი: ვენეციის ბიენალე
თავმჯდომარემ და წევრებმა ვენეციის ბიენალეს ჟიური გამოფენის გახსნამდე დატოვეს
ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის ვენეციის ბიენალეს ჟიურის თავმჯდომარე და წევრები ღონისძიების გახსნამდე 9 დღით ადრე გადადგნენ. ბიენალეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში დასახელებული არ არის გადადგომის მიზეზი. ჟიურის წევრებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ჯილდოებზე წარსადგენად არ განიხილავდნენ ხელოვანებს იმ ქვეყნებიდან, რომელთა ლიდერებსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ადანაშაულებს. ვენეციის ბიენალე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა რუსეთს ღონისძიებაზე პავილიონის ხელახლა გახსნის უფლება მისცეს. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბიენალეს წერილი გაუგზავნა, რომლითაც აცნობა 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის შეწყვეტის ან შეჩერების განზრახვის შესახებ, მას შემდეგ, რაც მათ მოსკოვის მონაწილეობის უფლება მისცეს. „თავიდანვე, ვენეციის ბიენალეს მხდლური არჩევანი, ეღიარებინა რუსეთი, სამარცხვინო იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ აგრძელებს ის ვენეციის ბიენალესთვის ზიანის მიყენებას. უკრაინა მადლიერია ყველა იმ ადამიანის, ვინც, მორალური პასუხისმგებლობითა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით ხელმძღვანელობით, უარს ამბობს ამ სირცხვილის მიღებაზე. მოვუწოდებთ ვენეციის ბიენალეს, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და არ დაუშვას რუსეთი. ჯერ კიდევ არის დრო, რომ დავუბრუნდეთ პრინციპულ პოზიციას, რომელსაც ხელოვნების საერთაშორისო საზოგადოება ინარჩუნებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან,“ - აცხადებს თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრი ანდრი სიბიჰა. ცნობისთვის, ვენეციის ბიენალე - თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ვენეციის 61-ე ბიენალე წელს 9 მაისს იხსნება და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.