თეგი: ვერცხლი
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ვერცხლის კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საბაჟო მოსაკრებლისაგან თავის არიდების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ერთ-ერთი ჯგუფის წევრის მართვის ქვეშ მყოფი MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით, სარეალიზაციოდ შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 2 620 გრამი ოქროსა და 6 189 გრამი ვერცხლისგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 429 111 ლარს შეადგენს. გამოძიებით დადგინდა, რომ საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოტანილი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო თბილისში, ვაგზლის მოედანზე განთავსებულ ე.წ „ოქროს ბირჟის“ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.