თეგი: ვიტალი შევჩენკო
კიევის ცენტრში, რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა
კიევის ცენტრში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ინფორმაცია Telegram არხზე გაავრცელა. შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა. ,,ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს, კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა. ერთი დღით ადრე ის კრემლში, გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?" - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქ კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.