თეგი: ვლადიმერ სოლოვიოვი
სომხეთმა რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები აკრძალა
მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილემ ავეტ პოგოსიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემები აკრძალა. მისი თქმით, გადაცემების დაბლოკვის მიზეზი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მასობრივი ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების „მუდმივი დარღვევა“ გახდა. სომხეთის მიერ აკრძალული ორი საავტორო პროგრამა „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ და „კვირის საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან“ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „რტრ პლანეტაზე“ გადის. კერძოდ, დაირღვა ხსენებული შეთანხმების მე-5 მუხლი, რომელიც „ხალხების და ეროვნული ღირებულებების შეურაცხმყოფელი შინაარსის პროგრამების გამორიცხვას“, ასევე, „საარჩევნო კამპანიასა და შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის გამორიცხვას გულისხმბობს. 29 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, სომხურმა მხარემ სომხეთსა და რუსეთს შორის მასობრივი კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ახალი დარღვევა დააფიქსირა. ამასთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს განაცხადა. სოლოვიოვმა სომხეთსა და მის ხელისუფლებაზე სიტყვიერი თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წელს მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის სრულად აღდგენას, სომხეთის მხრიდან რუსეთის კრიტიკა მოჰყვა. ერევანმა რუსეთი სამოკავშირეო ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.