თეგი: ვლადიმირ ორლიჩი
საქართველოს და სერბეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ევროკავშირში წევრობის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროკავშირში წევრობის ერთობლივი მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მისივე თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ვლადიმირ ორლიჩმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სერბეთის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რაც განმტკიცებულია ევროკავშირის წევრობის საერთო მისწრაფებებით, აგრეთვე, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების მტკიცე ერთობლივი მხარდაჭერით. პარლამენტების თავმჯდომარეები მიესალმნენ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი კავშირების გააქტიურებას მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების, მათ შორის, შესაბამისი პარლამენტების სპიკერების, მეგობრობის ჯგუფების და სექტორული კომიტეტების ურთიერთგაცვლით, რაც გათვალისწინებულია ორ პარლამენტს შორის 2019 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებით. მოლაპარაკებების დღის წესრიგი აგრეთვე მოიცავდა სერბეთისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებს. მხარეებმა დაადასტურეს ევროკავშირში წევრობისადმი მტკიცე ერთგულება და ერთობლივი მხარდაჭერა, ასევე, ინტენსიურად თანამშრომლობის და ტრადიციულად გაზიარებული ევროპული ღირებულებების წახალისების მზადყოფნა, ორი ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ. პარლამენტების თავმჯდომარეები შეთანხმდნენ, რომ სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული პარლამენტი საქართველოს პარლამენტს გაუზიარებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში საკუთარ ღირებულ გამოცდილებას. სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ვლადიმირ ორლიჩმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე. შეხვედრებზე მხარეებმა გამოხატეს პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და საერთო ინტერესის ყველა სფეროში, განსაკუთრებით, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინვესტიციბის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა. შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად