თეგი: ზაპოროჟიეს ოლქი
მედია: ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ „დანიშნული“ „პოლიციის უფროსი“ გარდაცვლილი იპოვეს
ზაპოროჟიეს ოლქში, დროებით ოკუპირებულ მიხაილივკაში „პოლიციის უფროსი“ გარდაცვლილი იპოვეს. Ukrinform-ის ცნობით, ანდრი რიჟკოვი წარსულში უკრაინელი მესაზღვრე იყო. „ჩვენ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ანდრი რიჟკოვი, რომელიც თავს ოკუპირებული მიხაილივკის პოლიციის უფროსს უწოდებდა, ჩამოხრჩული იპოვეს მიხაილივკაში“, - იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რიჟკოვმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია - „მიხაილივკის რეგიონის მესაზღვრეები“ დააარსა და მტერს საკუთარი თავი „პოლიციის უფროსად“ შესთავაზა. ცნობისთვის, 24 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფელ მიხაილივკაში, რუსი მარიონეტი ლიდერი ივან სუშკო დაიღუპა მანქანის აფეთქების შედეგად. 26 აგვისტოს აფეთქება მოხდა ოკუპირებულ ბერდიანსკში, ამავე ოლქში. 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ხერსონის ოლქში ააფეთქეს კოლაბორანტი, რომელიც ე.წ. „შიდა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის“ „მოადგილის“ თანამდებობას იკავებდა, მაგრამ ის გადარჩა.