თეგი: ზურაბ დათუნაშვილი

ზურაბ დათუნაშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში

ყოფილი სპორტსმენი, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ერთვება. ამის შესახებ ის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკაში ახალ გუნდთან ერთად ჩაერთვება. "მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩავერთო პოლიტიკაში. არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვიყავი, ვიღაცისთვის შეიძლება წარმატებული, ვიღაცისთვის შეიძლება წარუმატებელი. პოლიტიკაში ვერთვები იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ღირებულებები, შეხედულებები და ამაზე საუბარი შემიძლია ყველასთან და ყველგან. პოლიტიკაში ვერთვები ახალ, ვიმეორებ, ახალ საუკეთესო გუნდთან ერთად,"- ამბობს დათუნაშვილი. ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი. მან კარიერა სერბეთში გააგრძელა მას შემდეგ, რაც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა. სასამართლომ გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.