თეგი: ზურაბ პატარიძე

ელჩი გარეჯის საკითხზე: გვაქვს პოზიტივი

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით "გვაქვს პოზიტივი", თუმცა ელჩი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს. პარლამენტში, ჟურნალისტების კითხვების პასუხად, მან თქვა, რომ საკითხი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობის შესაბამისად გადაწყდება. „გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ. შესაბამისად, ეს საკითხი აუცილებლად იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც ნამდვილად შეეფერება სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობას... შარშანწინ, პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში წელს ორჯერ. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, მივიღოთ კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ, რომლის კომენტარსაც რადიო თავისუფლება ავრცელებს. 2020 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. სახელმწიფო ბრალდების თანახმად, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომლებზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.  

ბათუმში დაკავებული თურქი გულშემატკივრები გაათავისუფლეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არისს შეხვდა. როგორც პატარაძე სოციალურ ქსელში წერს, თურქ დიპლომატთან დეტალურად განიხილა გუშინ, ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები. ამასთან, პატარაძის ცნობით, ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება. “ელჩს განვუმარტე, რომ როგორც მატჩის დაწყებამდე, ისე მისი მიმდინარეობის დროს, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ქომაგების არცთუ მცირე ნაწილი იქცეოდა პროვოკაციულად, მათ არაერთხელ და მიზანმიმართულად ესროლეს პოლიციის თანამშრომლებს ბოთლები, ქვები და ბლაგვი საგნები, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მათ დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა და გამოირჩეოდნენ უხამსი შეძახილებით პოლიციელთა მიმართ, რაც ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. ელჩს ასევე განვუმარტე, რომ მატჩის დაწყებამდე გულშემატკივრებს საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის პროვოკაციული ბანერები, რაც მგრძნობიარეა საქართველოს მოსახლეობისათვის და მათი მოედანზე თუ ქალაქში გაშლა გარდაუვალ პროვოკაციებს გამოიწვევდა. შესაბამისად, აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი. ელჩს განვუმარტე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა თურქი გულშემატკივრების მიმართ, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, პროპორციული ქმედებები განახორციელეს. აღნიშნული ქმედებები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან, რომლის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი პირისთვის სავალდებულოა. ელჩს ფაქტებზე დაყრდნობით განვუმარტე, რომ ქართულმა პოლიციამ ეფექტიანად და ღირსეულად განახორციელა საკუთარი უფლებამოსილება, რის შედეგადაც მდგომარეობის დარეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან პროცესის სრული კონტროლი გახდა შესაძლებელი. ამ დროისათვის, ბათუმში ვითარება მშვიდია და მისი შემდგომი გამწვავების რისკი სრულად არის აღმოფხვრილი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი თავისუფალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თურქი ქომაგების სამშობლოში შეუფერხებელი დაბრუნება“, - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ პატარაძე.