თეგი: თავდაცვის კომიტეტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფის - „რეფორმების ჯგუფის“ კვოტით ასარჩევად წარდგენილ თეონა აქუბარდიას კანდიდატურას, კომიტეტის წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს. სხდომაზე კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სამოქმედო გეგმის დეტალებზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ყოველი წლის დასაწყისში კომიტეტები სამოქმედო გეგმას ამტკიცებენ და ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დამკვიდრდა და რეგლამენტში გაიწერა. მისივე თქმით, კომიტეტის სამოქმედო გეგმის პროექტი კომიტეტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან იქნა გავლილი. კომიტეტის სხდომაზე თეონა აქუბარდიამ პნევმატიკური იარაღის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ხოლო უსაფრთხოების გარემოს გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან შეხვედრების გამართვა ითხოვა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ამერიკის ევროპული სარდლობის მიერ შექმნილ ლეგალური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია და კომიტეტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ამერიკის ევროპული სარდლობის მიერ შექმნილ სპეციალურ, ლეგალურ ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომიტეტის და ლეგალური ჯგუფის წევრებმა თავდაცვის კოდექსის რედაქციული ნაწილი და ის მიმართულებები განიხილეს, რომლებიც თავდაცვის ძალების და თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების მექანიზმებს მოიცავს. "თავდაცვის კოდექსის მოსამზადებლად, საქართველოსთვის აშშ-ის ევროპის სარდლობის სპეციალური ლეგალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თავდაცვის კოდექსის შემუშავების პროცესში. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში კომიტეტის მოსაზრებები სპეციალური ჯგუფის შეხედულებებს ემთხვეოდა. უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად აღნიშნული კოდექსის პროექტი წარედგინება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს, ძალიან ახლოს დგას ამერიკის თავდაცვის კანონთან და თანხვედრაშია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის კანონებთან. საქართველოს თავდაცვის კოდექსი მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მისი თავდაცვის უნარიანობის ამაღლების და ასევე მისი ინსტიტუციონალური განვითარებისათვის“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.