თეგი: თამარ იოსელიანი
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემი 2029 წლისთვის შემოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. ამის შესახებ თამარ იოსელიანმა „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ პანელური დისკუსიაზე – „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის“ ისაუბრა. „ანაკლია არ არის პორტი, ეს არის პლატფორმა იმისთვის, რომ გარკვეული მიმართულებით მომსახურება განხორციელდეს. ანაკლიის საზღვაო პორტის მახლობლად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა შექმნილი და ყურადღება მიექცევა ინოვაციების დანერგვას იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვს სამუშაო რეჟიმი“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ. როგორც თამარ იოსელიანმა განმარტა, აქ საუბარია საკმაოდ მედეგ ინფრასტრუქტურაზე. „ჩვენ უკვე კონკრეტულად ვიცით, თუ რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ეს პორტი. საწყის ფაზაში, დაახლოებით, 300 სამუშაო ადგილი უკვე არის შექმნილი და ვფიქრობთ, რომ ამავე, საწყის ეტაპზე სამუშაო ადგილების რაოდენობა ათასს მიაღწევს“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს აღნიშნულ პროექტში. „ანაკლიის პორტი არ არის ერთადერთი პროექტი, რომლითაც საქართველო ცდილობს, რომ მომავალში გაიხედოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.