თეგი: თბილისის ისტორიის მუზეუმი

თბილისის ისტორიის მუზეუმი და ეთნოგრაფიული მუზეუმი მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2022 წლის 3 მარტის N05/05 ბრძანების საფუძველზე, გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი მუზეუმთა ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდა. სამინისტროს ცნობით, ცვლილება მიზნად ისახავს მუზეუმების საქმიანობის უფრო მაღალ სტანდარტზე გადასვლას. ცვლილების თანახმად, მუზეუმთა ჯგუფს გიორგი ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმის დირექტორი უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ამ პოზიციაზე ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა. მოცემული ცვლილების ძალაში შესვლამდე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმთან იყო გაერთიანებული. „2022 წლის 3 მარტის ბრძანების თანახმად, დირექტორს დაევალა, მოცემულ პოზიციაზე დანიშვნიდან 4 თვის ვადაში, სამინისტროს წარმომადგენლის ჩართულობით, სამუზეუმო ექსპონატების აღწერა/დადარების პროცესის წარმართვა, დასრულება და კულტურის მინისტრისათვის შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რათა ნათელი იყოს, როგორი ინფრასტრუქტურა და რა ქონება გადაიბარა მუზეუმთა ჯგუფის ახალმა დირექტორმა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.