თეგი: თბილისი-ბათუმი
თბილისიდან ბათუმში მიმავალი ავტობუსის დაწვის საქმეს შსს იძიებს
რატომ დაიწვა 15 ივნისის ღამეს თბილისიდან ბათუმში მიმავალი 50 მგზავრზე გათვლილი ავტობუსი და ვინ არის დამნაშავე, ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიციაში უკვე გამოკითხეს ავტობუსის მფლობელი კომპანია "მეტროს" თანამშრომლები. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით - სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან ორ წლამდე პატიმრობით. უწყების თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. თბილისიდან ბათუმში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე დაიწვა. რადიო თავისუფლების ცნობით, გუშინ, გვიან ღამით კომპანია „მეტროს" ავტობუსში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. „მეტროს“ ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ ყველა იმ მგზავრს დაუკავშირდებიან, რომელიც გუშინ ამ ავტობუსით გადაადგილდებოდა და ზარალს აუნაზღაურებენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტობუსიდან ჩამოსვლა მოასწრეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ავტობუსი, რომელიც 15 ივნისს, ავტობანზე დაიწვა, 50 მგზავრზე იყო გათვლილი და ბილეთები სრულად გაყიდული ჰქონდათ. კომპანიის მენეჯერი, ანა კერძევაძე აღნიშნავს, რომ მგზავრებს ზარალი პრაქტიკულად არ მიუღიათ. "როგორც კი შენიშნეს პრობლემა, დარეკეს კომპანიაში. არცერთ მგზავრს არ აქვს დაზიანებები. როგორც ვიცი, საბარგულიდან ჩანთების და ჩემოდნების გამოღებაც მოხერხდა - მხოლოდ სალონში არსებული წვრილმანი ნივთები ყურსასმენები და დამტენები დაზიანდა. როგორც კი გავიგეთ ხანძრის შესახებ, ახალი ავტობუსი გავგზავნეთ დაახლოებით 50 წუთში და ბათუმში წაიყვანა მგზავრები", - ამბობენ კომპანიაში რადიო თავისუფლების ცნობით. აქვე განმარტავენ, რომ ავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი ჰქონდა.