თეგი: თემურ უგულავა
ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. მის სახელს საქართველოში არაერთი პროექტის განხორციელება უკავშირდება: „ჰოლიდეი ინნ“, Rooms-ის სასტუმროები თბილისში, ყაზბეგში, კოხტასა და ბათუმში, სასტუმრო „სტამბა“, „ლოლიტა“, ჰოსტელი „ფაბრიკა“, „უდაბნო“ და სხვა ბიზნესობიექტები საქართველოში. თემურ უგულავას მფლობელობაში იყო „აჭარა ჯგუფი“, რომელიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობს. Adjara Group-ი წერს, რომ თემურ უგულავას წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში „განსაკუთრებულია“: „მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარ-მასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა. წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფის თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა. მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები. მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა. ჩვენი ტკივილი განუზომელია და დღეს გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, აჭარა ჯგუფის მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა. მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად,“ - წერია კომპანიის განცხადებაში.