თეგი: თურქეთის ელჩი
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ელჩის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია. მთავრობის მეთაურმა თურქ დიპლომატს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის
თეა ახვლედიანი თურქეთის ელჩს შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს. "თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიერ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე – შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები. დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა და ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და ფუნდამენტური უფლებების სხვა უხეში დარღვევები. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებაზე საუბრისას, თეა ახვლედიანმა ელჩს აღნიშნული პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა და ხედვები გააცნო, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ ახლებურ მიდგომებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განსაზღვრულია სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.