თეგი: თუშეთი
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის ინიციატივაა, რომ მთის კვირეული დავამკვიდროთ
მთავრობის ინიციატივაა, რომ მთის კვირეული დავამკვიდროთ, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თუშეთში განაცხადა, სადაც მთის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. „მივესალმები ჩვენს ძვირფას თუშებს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე: თუშეთობა და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივით, გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები. მინდა, რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილია, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესიტიცების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა. ამისთვის რამდენიმე წლის წინ მთის კანონი მივიღეთ, დაწესდა მთელი რიგი შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტად უნდა მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო. მინდა, ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თუშეთის გზის პროექტი იწყება
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. ტენდერი უკვე გამოცხადდა გზის პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებზე. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება 49 მილიონი ლარი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. ფშაველა-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხობის გაუმჯობესების პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა. პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას. ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება, აღდგება გზის დაზიანებული ადგილები და გაუმჯობესდება არსებული პარამეტრები. თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა. გზა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალოს უკავშირდება, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე მდებარეობს. გზა არის ვიწრო და ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი. ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება.