თეგი: ილიას ზუროსი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის გამარჯვებულია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში მონტენეგრო ანგარიშით - 82:78 დაამარცხა. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გოგა ბითაძე გახდა. მან 21 ქულა დააგროვა.  „მადლობა დიდი შრომისთვის ყველა კალათბურთელს. მძიმე მატჩი იყო ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდთან. მონტენეგროს შეუძლია თამაში ფარქვეშ, პერიმეტრიდან, რთული იყო დაცვა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. გვაქვს ტალანტი და თუ ერთ ოჯახად დავრჩებით, ბევრის მიღწევა შეგვიძლია. მადლობა გულშემატკივრებს. გპირდებით ვიბრძოლებთ, რომ მსოფლიოს ქართული კალათბურთის სული და გული დავანახოთ,“ – განაცხადა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა. ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა ირანის ნაკრებმა, რომელმაც იორდანია დაამარცხა. ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, იაპონია-ინდონეზია-ფილიპინებზე გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. გუნდი ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესა და ვენესუელასთან მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 17 აგვისტოს გაემგზავრება, სადაც მსოფლიო პირველობისთვის მზადებას დაიწყებს.