თეგი: ილია თვალიაშვილი
ოპერატორი ილია თვალიაშვილი: 5 ივლისის აქციის შემდეგ, დღემდე ვაგრძელებ მკურნალობას
ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი კი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო, - ეს სიტყვები ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისას დაშავებულმა ოპერატორმა ილიკო თვალიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორი, რომელიც დაზიანებულ ჟურნალისტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაშავებული იყო, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და მისი კოლეგების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე დაიკითხა. „არც ერთ მათგანს არ ვიცნობ, არც ერთი მათგანი ცხოვრებაში არ მინახავს, არც ერთი მათგანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ფიზიკურად ვერ მივაყენებდი შეურაცხყოფას, ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადიოდა, ეს რომ ასე ყოფილიყო, ამის დამტკიცებაც მარტივად შეიძლება. ძირს დამაგდეს და რამდენი ადამიანი მისწორდებოდა, ვერ გეტყვით, ზოგი თავში მირტყამდა, ზოგი - ტანზე და ზოგი კიდევ, თვალებს მთხრიდა. მას შემდეგ 7 თვე გავიდა და ამ დრომდე ვმკურნალობ, წამლები დამაქვს ჩანთით. დავარდნამდე, დავარდნის შემდეგაც, ვიდრე „ლაივუ“ და კამერა დაზიანდებოდა, მანამდე თითოეული კადრია გადაღებული, თუ როგორ მისწორდებოდნენ, შეიძლება, თითოეული მათგანი იყოს იმ კადრში მოქცეული, ვინც იქ იყო, რადგან ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა", - განაცხადა მან. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.