თეგი: ილია კივა
უკრაინული მედია: პრორუსი პროპაგანდისტის ილია კივას ლიკვიდაცია SBU-ს სპეცოპერაციაა
“ინტერფაქს-უკრაინა” სამართალდამცავ ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის ოლქში მაღალი რანგის კოლაბორანტის ლიკვიდაცია მოახდინა. „მაღალი რანგის მოღალატის, კოლაბორანტისა და პროპაგანდისტის, ილია კივას ლიკვიდაცია - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაციაა. დამნაშავის ლიკვიდაცია ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.” - განაცხადა “ინტერფაქს-უკრაინას” წყარომ. ცნობისთვის, რუსულმა სახელმწიფო გამოცემამ “რია ნოვოსტი” ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ილია კივას ცხედარი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის სოფელ სუპონევოში იქნა აღმოჩენილი. მათ კივას გარდაცვალების გარემოებები ან მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ. ინფორმაციისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კივა რუსეთში გაიქცა. უკრაინულმა სასამართლომ კივას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისთვისა და კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლისა და გადაგდებისკენ საჯარო მოწოდებებისთვის.