თეგი: ილია ჯიშკარიანი
სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ, გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ი.ჯ. გამართლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, ქ.თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ი.ჯ.-მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ძალადობა განახორციელა მისი ბიუროს სპეციალისტის - თ.თ.-ს მიმართ. ი.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 მაისს უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, ზოგიერთი ჟურნალისტი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ელფერს მისცემს. ორკოდაშვილის თქმითვე, გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ დგება, როცა მტკიცებულებათა რაოდენობა საკმაოა, რომელიც ბრალდებას ამტკიცებს და თუკი, მცირედი ეჭვიც არის, ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება. ილია ჯიშკარიანიმა განაცხადა, რომ ეს ინციდენტი მის დისკრედიტაციას უკავშირდებოდა. „მადლობა უფალს, რომ ეს განსაცდელი მომიწყო, ბევრი კარგი ხალხი გავიცანი და ბევრი ცუდიც. 3 წელი გადის და ხმას არ ვიღებ, არც ინტერვიუს ვაძლევ. ეს საშინელი, ბინძური ჭუჭყის შესხმა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - ჩემ პოლიტიკურ დისკრედიტაციას. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება არ ვიცი, მე ვიცი ერთგვარი ქმედება. იმდენად დავკომპლექსდი, ჩემ საქმეს ვერ ვემსახურები, ეს ემსახურებოდა ჩემ დისკრედიტაციას, რომ პოლიტიკას ჩამოვშორებოდი. დავაშავე ის, რომ პატრულში არ დავრეკე” ,- განაცხადა ჯიშკარიანმა. ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.