თეგი: იმედა ნიკურაძე
ვინ ჩაანაცვლა მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი გახდა, პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მომდევნო წევრმა, იმედა ნიკურაძემ ჩაანაცვლა. პარლამენტმა დღეს, 22 მარტს, 89 ხმით ცნო იმედა ნიკურაძის უფლებამოსილება. ის დღემდე „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. როგორც რადიო თავისუფლება წერს, იმედა ნიკურაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კომპანიის, „ელიტა ბურჯის“ ადვოკატი, შემდეგ კი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო („ელიტა ბურჯი“ 2020 წელს ფონდ „ქართუს“ საკუთრებაში გადავიდა). მოგვიანებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მიხეილ სარჯველაძე, ვისი ადგილიც ნიკურაძემ დაიკავა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. იგი 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად და ზურაბ აზარაშვილი ჩაანაცვლა. სარჯველაძე წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.