თეგი: ინტერპოლი
საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ პირი 2022 წლის 8 სექტემბერს, ქალაქ სტამბოლში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ძებნილი პირის მიერ ჩადენილი განზრახ მკვლელობა შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდა. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2023 წლის 15 თებერვალს, აღნიშნული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად ცნეს ქართულმა სასამართლოებმა. მოგვიანებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს თურქ კოლეგებს. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.
მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჩატარდა. „დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილის თვეში შემოვიდა. საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა, 2023 წლის 27 ივნისიდან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ, წითელი ცირკულარით გამოცხადდა. საქართველო, როგორც ინტერპოლის წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში. პოლიციის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის - რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება. ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოდან იტალიაში, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქართველოდან იტალიაში, მათი სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი ექსტრადიციის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე ინტერპოლის არხებით მის მიმართ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე დააკავეს. მათივე განმარტებით, აღნიშნული პირი იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მაფიის ტიპის დაჯგუფების მხარდაჭერისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის, კიბერთაღლითობისთვის, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის იძებნებოდა. „იტალიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ იტალიის რესპუბლიკაში მოქმედებდა მაფიის ტიპის კრიმინალური დაჯგუფება ,,ნდრანგეტა“, რომელიც ხასიათდებოდა იერარქიული სტრუქტურით, ხოლო დაჯგუფების წევრები მოქმედებდნენ მკაცრად ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად. 2015 წლის შემდგომ პერიოდში ძებნილი პირი აქტიურად იყო ჩართული დაჯგუფების უკანონო საქმიანობაში და მონაწილეობდა სხვადასხვა დანაშაულებრივი გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში. აღნიშნული პირი და ჯგუფის სხვა წევრები ახორციელებდნენ ფულის გათეთრების, ნარკოტიკული, თაღლითობის, გამოძალვის და სხვა დანაშაულთა ჩადენის გზით დაჯგუფებისათვის ფინანსური სარგებლის სისტემატურად მიღებას. ძებნილი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ზემოხსენებული პირის იტალიის რესპუბლიკაში ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან,“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონეთიდან, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, პოლონეთიდან საქართველოში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. "აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა კიდურების მიმართულებით და მძიმე დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ექსტრადირებულმა პირმა თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულის მამაზე, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებდა გამოძიებას, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და მე-3 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით (ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა) და 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). ძებნილი პირი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს ხსენებული პირის წინასწარი დაკავების, შემდეგ კი ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა. ვარშავის ინტერპოლიდან მიმდინარე წლის 13 დეკემბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად იქნა დაკმაყოფილებული. დანაშაულის ჩამდენი პირის საქართველოში ეტაპირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა," - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს პროკურატურა, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი და ძებნილ პირთა საქართველოში ექსტრადიციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება, მომავალშიც ყველა ზომას მიიღებს, რათა საქართველოში დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი ადგილსამყოფლისა, წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.