თეგი: იოჰან ვადეპული

ევროპის ინტერესებშია, რუსეთს არ მისცეს სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა - გერმანელი დიპლომატი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა, სომხეთსა და აზერბაიჯანში თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტამდე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპასთან დაახლოებას, რადგან მათ მიეცათ ისტორიული შესაძლებლობა, დაძლიონ ომებისა და ძალადობის ეპოქა. გერმანული მაუწყებლის, DW-ს ცნობით, 17 ნოემბერს, გერმანიიდან გამგზავრების წინ ვადეფულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერლინის განზრახვაა, ხელი შეუწყოს ევროპასთან სომხეთისა და აზერბაიჯანის კავშირების განმტკიცებას იმ ფონზე, როცა რუსეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიაზე თავისი გავლენის გაძლიერებას. ევროპის ინტერესებშია, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს და რუსეთს არ მისცეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გავლენის გაძლიერების შესაძლებლობა. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს, შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში, რასაც ხალხისა და მათი მომავლის ხარჯზე აკეთებს. თუმცა რუსეთის მეზობელი ქვეყნების ევროპასთან დაახლოების საკითხი მოსკოვში არ უნდა წყდებოდეს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარი მომავალი დამოუკიდებლად განსაზღვრონ. დროა, მოვუსმინოთ მათ ხმას და გავითვალისწინოთ მათი ინტერესები,“ — განაცხადა ვადეპულმა, რომლის სიტყვებსაც Deutsche Welle ციტირებს. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ და „მოსკოვის მხრიდან მომავალ სულ უფრო მკაფიო მუქარებზე.“ მისი შეფასებით, ეს ყველაფერი „ნათლად აჩვენებს, რომ პრეზიდენტ პუტინს არ სურს, იხილოს სუვერენულ სახელმწიფოებზე დაფუძნებული ევროპული წესრიგი, სადაც თითოეული ქვეყანა თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს.“ ვადეპულის თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ახლა „გარდამტეხ ეტაპზეა“ და აქვს „ისტორიული შესაძლებლობა, საბოლოოდ დააღწიოს თავი ათწლეულების განმავლობაში არსებულ ომებს, ძალადობასა და იძულებითი გადაადგილების პრობლემას.“ „ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში თითქმის შეუძლებელი ჩანდა, უახლოეს მომავალში მიღწევადი გახდა. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული,“ — აღნიშნა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ გამოჩენილ „გამბედაობასა და პასუხისმგებლობას“ და გაიხსენა ორ ქვეყანას შორის 2025 წელს სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება. „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თავდაჯერებულად ვიაროთ წინ,“ — განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, „გერმანია მზადაა, ამ პროცესში სომხეთისა და აზერბაიჯანის სანდო პარტნიორი და მეგობარი იყოს“. ვადეპულმა პირობა დადო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში განიხილავს, თუ როგორ შეუძლია ბერლინს, მხარი დაუჭიროს „დაძაბულობის განმუხტვისა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს.“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ მშვიდობა და ღია საზღვრები სამხრეთ კავკასიაში სარგებელს მოუტანს არამხოლოდ რეგიონის მცხოვრებლებს, არამედ მთელ ევროპასაც. ვადეპული 17 ნოემბერს ბაქოში ჩავა, 18 ნოემბერს კი ერევანს ეწვევა. ეს მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტია რეგიონის ქვეყნებში. ვადეპულმა აზერბაიჯანს უწოდა გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციაში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანისგან საიმედოდ იღებენ გაზს და ნავთობს და ეს მიწოდება გაცილებით სტაბილური უნდა გახდეს.