თეგი: იოჰან ფორსელი

შვედეთის მთავრობა განმარტავს, რა დახმარებით უზრუნველყოფს სტოქჰოლმი საქართველოს

7 მაისს, საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა სახელმწიფო მდივან დიანა იანსესთან ერთად, თბილისში ვიზიტი დაიწყო. როგორც შვედური მხარეი უწყება, მაღალი თანამდებობის პირები სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბრის მთავარი თემა "უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი და მის ირგვლივ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო. "გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მიიღებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ პრობლემები შეექმნება. „საუბრის ძირითადი თემა იყო "რუსული კანონი". საუბარი იყო იმაზე, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, არა მხოლოდ მოლაპარაკებები აღარ გაიხსნება საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ სხვა ტიპის პრობლემები შეგვექმნება. საკმაოდ ცხადი და გასაგები გზავნილები იყო, მათ შორის გვითხრა, რომ ეს წუხილი საჯაროდაც გამოთქვა და კიდევ აპირებს გამოთქვას. აინტერესებდა გეგმები, ჩვენ როგორ ვუყურებთ პროცესს, მათ შორის დეტალურად აინტერესებდა, როდის შეიძლება იყოს მესამე მოსმენა, ვეტოს დაძლევა და ა.შ. ასევე, ვისაუბრეთ 9 პუნქტზე, მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზეც, არჩევნებზეც, მაგრამ ძირითადი საკითხი იყო ეს "რუსული კანონი" და ის პრობლემები, რომელიც შეგვექმნება," - განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა არის პროტესტი, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი ვერ მიიღონ. თავის მხრივ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იოჰან ფორსელმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვედეთი საქართველოს მეგობარია და მხარს უჭერენ რეფორმების პროცესს. „გვინდა, საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდეს და გვჯერა, არსებობს დიდი შესაძლებლობი, რომ საქართველო ევროპის ნაწილი იყოს. ამის მიზეზი ბევრია, მათ შორის, ინვესტიციები, თანამშრომლობა. ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ, ჩვენ გვინდა, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ ახალი კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს. გვწამს, რომ ეს არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც გვქონდა, ასევე, ჩვენს მოსაზრებებს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შევხვდე პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებას, რათა განვიხილოთ მიმდინარე სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები. ჩვენ გვინდა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამიტომ გავაგრძელებთ და უფრო ინტენსიურს გავხდით ჩვენს მხარდაჭერას როგორც რეფორმების პროცესისადმი, ასევე მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის,“ – განაცხადა იოჰან ფორსელმა. მან იმედი გამოთქვა, რომ “ახალი ნაბიჯები გადაიდგება დიალოგისა და ახალი ძლიერი თანამშრომლობისთვის.“ „ჩვენ პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და გადაწყვეტილებებს. ვიცით, საქართველოს მოსახლეობაში არსებობს დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. შვედეთი მხარს უჭრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ როდესაც ხარ მეგობარი, ეს ასევე ნიშნავს, რომ შეიძლება იყო გულწრფელი. ინიცირებული კანონპროექტი შემაშფოთებელია, ასევე, შემაშფოთებელია რიტორიკა, რაც ვნახეთ. იმედი გვაქვს, რომ ახალი ნაბიჯები გადაიდგება დიალოგისა და ახალი ძლიერი თანამშრომლობისთვის, როგორც შვედეთთან, ისე სრულაც ევროკავშირთან,“ აღნიშნა ფორსელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მის ვიზიტზე ინფორმაცია გაავრცელა შვედეთის მთავრობამაც. „მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებს. შვედეთი სიდიდით მესამე ორმხრივი დონორია საქართველოსთვის და რეფორმების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა რამდენიმე ათწლეულს ითვლის. საქართველოს ძლიერ და დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი როლი აქვს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,“ - ამბობს ფორსელი. შვედეთის მხარდაჭერა საქართველოს შვედეთის ჯამური მხარდაჭერა საქართველოსთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეადგენს 3 მილიარდ კრონს (735 602 203,08 ლარი) 2024 წელს საქართველოსთან რეფორმების სფეროში თანამშრომლობა, სავარაუდოდ, 200 მილიონ კრონზე მეტი იქნება, რაც შვედეთს უმსხვილეს ორმხრივ დონორად აქცევს. შვედეთის დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე მოდის.