თეგი: ირაკლი ანთაძე
ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე მოითხოვს დაკავებული 7 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებას
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში 113-ე შეხვედრა იმართება. რადიო თავისუფლების ცნობით, შეხვედრის დაწყების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაისმება ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს 7 მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი. ასევე განიხილება წინა შეხვედრიდან (27 აპრილი) დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი“, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევების ჩათვლით, ასევე - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების გაუმჯობესების საკითხი. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში 27 აპრილიდან, ანუ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ჩატარებული 112-ე შეხვედრის შემდეგ, ე.წ. ბორდერიზაციის 4 შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, ირაკლი ანთაძე შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული ლევან პეტრიაშვილის დედას. პეტრიაშვილის სასამართლო ცხინვალში 27 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. დაკავებულის დედას, ალა დოიჯაშვილს, ირაკლი ანთაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას შეჰპირდა. ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 14 მაისს დააკავეს. რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად, ირაკლი ანთაძე გამოეხმაურა ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას, ქართული დრონების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ნებართვაზე. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ „ფაქტის სერიოზულად შეფასება არის შეუძლებელი“. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო „მთავრობამ“ „საზღვრის“ დაცვის მიზნით, დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება დაუშვა „ჩვენი ძალისხმევა მიმართულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილური გარემოს შენარჩუნებაზე და ამგვარი ქმედებები ნაკლებად უწყობს ხელს სტაბილურობის შენარჩუნებას“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით, ერგნეთში საგანგებო შეხვედრა დასრულდა. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მედიას განუცხადა, რომ უმთავრესი მოთხოვნა იყო, მეორე უკანონოდ დაკავებულის, რომელიც ამჟამად იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა. ანთაძის თქმით, პირველ რიგში უნდა გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე. მისივე განცხადებით, ხელისუფლების პოზიცია კირბალის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი. „ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე, რომელიც მკვლელობის ფაქტს შეესწრო, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი, რაც მოხდა ამას არავითარი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთასორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ ოჯახში,“ - განცხადა ანთაძემ. რაც შეეხება გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, საოკუპაციო რეჟიმისგან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე თავს კარგად გრძნობს და მას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს. „მეორე უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,“ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეკითხვას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ანთაძემ უპასუხა, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს „ჩვენი თანამოქალაქე.“ „ამ ფაქტს თვითმხილველი არ შესწრებია, მაგრამ მოვლენები განვითარდა იმგვარად, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის ინფორმაცია, რაზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ,“ – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. რა ტერიტორიაზე მოხდა სროლა, ანთაძე ამ შეკითხვას არასწორად მიიჩნევს: “ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, იქ მყოფი საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას,“ - აღნიშნა ანთაძემ. “ოქროს მოწმე“ „ოქროს მოწმე“ არსებობს და ის იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო პატიმრობაში,“ - განუცხადა ირაკლი ანთაძემ მედიას შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ დეტალების დასადგენად, რაც ნათელს მოჰფენს „ამ უმძიმეს დანაშაულს.“ „მე შემიძლია ოპერირება მხოლოდ დაზუსტებული ფაქტებით. მიმდინარეობს მუშაობა და ვეძებთ ყველა შესაძლო დეტალს, რაც დამატებით ნათელს მოჰფენს ამ უმძიმეს დანაშაულს, რაც მოხდა სოფელ კირბალთან, მაგრამ ამ მომენტისთვის ოქროს მოწმე, რომელზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ, გახლავთ სწორედ ის პიროვნება, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის ოჯახში დაუყოვნებლივი დაბრუნებაც მოვითხოვეთ,“ – აღნიშნა ანთაძემ. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ. სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი, რაც ზოგადად ოკუპაციას აქვს „დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის ანტიჰუმანური ხასიათი, რაც ზოგადად ოკუპაციას აქვს და რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოფნას,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა.
ირაკლი ანთაძე: ლევან დოთიაშვილს სახის არეში დაზიანება უკანონო დაკავების დროს მიაყენეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კირბალში უკანონოდ დაკავებულ ლევან დოთიაშვილის სახის არეში დაზიანება აღენიშნება. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილმა განმარტა, რომ მას დაზიანებები უკანონო დაკავების დროს მიაყენეს, ხოლო უშუალოდ ცხინვალის ტერიტორიაზე არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. თამაზ გინტურის მკვლელობისას, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გათავისუფლდა „რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ და არ გვქონდა შესაძლებლობა დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. უკანონო დაკავების დროს მას მიაყენეს დაზიანება სახის არეში. ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ძალადობას ადგილი ჰქონდა მხოლოდ უკანონო დაკავეის დროს,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. ირაკლი ანთაძის განცხადებით, ლევან დოთიაშვილი მომხარ მკვლელობასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით გამოიკითხება. „რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს. ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი და იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას და განცხადებები გაკეთდება მოგვიანებით,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ახალგორელმა აქტივისტმა ტატუნაშვილის მკვლელის "პროკურორად დანიშვნის“ გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო
ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, შიმშილობა დაიწყო, რითაც დავით გურწიევის დროებით ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. პროკურორად დანიშვნას აპროტესტებს. „ჩემი მომართვის თემა არის დავით გურწიევის დანიშვნა ახალგორის რაიონის პროკურორად. მინდა გესაუბროთ იმ მიზეზებზე, რის გამოც, ჩემი აზრით, ეს ადამიანი არ არის ღირსი, მსგავსი საპასუხისმგებლო პოსტი ეკავოს. უკვე ერთი კვირაა, რაც წერილობით მიმართვებსაც ვწერ ამის თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ ჰქონია. ამიტომ, მე გადავწყვიტე, გამოვაცხადო შიმშილობა და ვიშიმშილებ იქამდე, სანამ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პროკურორი" პასუხს არ გამცემს, რატომ და რა დამსახურებებისთვის ნიშნავს "პროკურორად" დავით გურწიევს, რომელიც უკვე 15 წელია, რაც ჩვენი რაიონის მოსახლეობას ატერორებს," - აცხადებს თამარ მეარაყიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, წითელი ცირკულარით ძებნილი დავით გურწიევი, დროებით ოკუპირებული ახალგორის "პროკურორი" ხდება. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ის დაუსწრებლად გაასამართლა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს ოკუპანტებმა. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის აწამეს, სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული. 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
„ცინიკური პოზიცია მოვისმინეთ გინტურის მკვლელობაზე" - ანთაძე ერგნეთის შეხვედრის შემდეგ
„თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ, სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა,“ - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში გამართული რიგით 118-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა. ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხად იღებენ, რომ ე.წ. მესაზღვრეები ,,მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით“. „პირველ რიგში, ჩვენ დავინტერესდით თამაზ გინტურის მკვლელობის ირგვლივ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ მოხდებოდა სამართლის აღსრულება. სამწუხაროდ, მოვისმინეთ იგივე ცინიკური პოზიცია, რაც აქამდე არაერთხელ გააჟღერეს რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, დღესაც მოვისმინეთ იგივე ნარატივი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. მესაზღვრეები "მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით,“ - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია გაიმართა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზეც. "რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ამაზეც შედგა საკმაოდ ვრცელი დისკუსია. ჩვენს მიერ დასახელდა ის ლოკაციები, სადაც შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, ამაზეც, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი, ისინი აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას, პროცესის, რასაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმება ერთ გარემოებას, რომ უკანონო ინსტალაციების აღმართვა არ ნიშნავს მხოლოდ ღობის ან მავთულხლართის გავლებას და პირველ რიგში, სწორედ ეს გახლავთ შემდგომი იმ თანამდევი პროცესის წინამორბედი, როგორიც არის მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავება და ეს მსხვერპლი სახეზეა დღესაც, ჩვენი 6 თანამოქალაქე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა ყოველთვის არის უცვლელი - მოხდეს, უკანონოდ დაკავებული ყველა მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლება. დღეს, როგორც მოგახსენეთ, უკანონო პატიმრობაში არის ჩვენი ექვსი თანამოქალაქე, მათ უმეტესობას მისჯილი აქვს ე.წ. წინასწარი პატიმრობა ორი თვის ვადით, ერთი მათგანის საქმე არის დაბრუნებული ხელახალი ე.წ. გამოძიების მიზნით, ერთს კი, ვგულისხმობ ხეთერელს, "მისჯილი“ აქვს 1 წელი და 3 თვე,“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.