თეგი: ირაკლი ბერაია
ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და ქართული დელეგაციის წევრები მადრიდში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს, ხავიერ კოლომინას შეხვდნენ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესზე და იმ ამბიციურ დღის წესრიგზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს. ქართული მხარე იტყობინება, რომ საქართველოს დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, მის ჩანაწერებს, ასევე მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერის ზომებს, რომელიც სამიტზე მიიღეს. მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ ალიანსის ადაპტაციასთან და აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით. „ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ევროატანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის, ახალ სტრატეგიულ ერაში გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების მიზნით, აუცილებელია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, საქართველოს ალიანსში გაწევრების დაჩქარება იმდენად, რამდენადაც ევროატლანტიკური სივრის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია NATO-ში საქართველოს გაწევრიანების გარეშე. საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო, ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ აქვს არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაც წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და დღეს ერთი მხრივ, მომეტებული საფრთხეების ფონზე, ასევე იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ცდილობენ ენერგო რესურსების და გზების მიწოდების დივერსიფიკაციას, ცდილობენ ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის განმტკიცებას, ეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოს როლს და მნიშვნელობას, კიდევ უფრო ზრდის NATO-ს წევრი საქართველოს საჭიროებას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.
ირაკლი ბერაია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თამჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიასა და რეგიონის უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრეს. „შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში პრაქტიკული მხარდაჭერის ზრდა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისა და რეგიონში ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს. შეხვედრაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე და სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე მონაწილეობდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ბერაია: საქართველო მხარს უჭერს ევროპაში უსაფრთხოების, დაცულობის პრინციპებს
საქართველო არის ევროკავშირის მოკავშირე და უსაფრთხოების საკვანძო პარტნიორი ჩვენს ტურბულენტურ რეგიონში, ხოლო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორობა აღწევს უპრეცედენტო დინამიკას. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ერთგული ვართ ევროპაში უსაფრთხოებისა და დაცულობის პრინციპების და ვდგავართ ჩვენი პარტნიორების გვერდით საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში, – განაცხადა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა (CFSP) და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. „ჩვენი საერთო ღირებულებების, ჩვენი გამოცდილების, მზაობისა და გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ გვწამს, რომ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს უსაფრთხოების სფეროში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა”, – განაცხადა ბერაიამ. დეპუტატმა ასევე გამოთქვა მზაობა ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობაზე სტრატეგიულ ჭრილში დასახული პრიორიტეტების განხორციელების მიზნით, მათ შორის ევროკავშირი-ნატო-ს დიალოგის ფარგლებში, PESCO-ში მონაწილეობით და საერთო მედეგობის გაძლიერების ნაბიჯებით. „ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს საქართველოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და სრულად ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომელიც საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) გაძლიერებულმა მისიებმა უნდა უზრუნველყონ ახალ საფრთხეებთან დროული ადაპტირებისთვის და გააძლიერონ მათი ეფექტიანობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების ახალ კონტექსტში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რუსეთზე უნდა განხორციელდეს მუდმივი და მზარდი წნეხი, რათა მან შეუფერხებლად დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ რეგიონებში და შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება”, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. კონფერენციას, საქართველოს დელეგაცია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდა; მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია. ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში 2012 წლიდან ტარდება, სადაც მონაწილეობენ ევროპარლამენტარები, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების შესაბამისი წევრები და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთისა და საპრეზიდენტო ტრიოს მიერ პირველად იქნა მიწვეული.
ირაკლი კობახიძე: ირაკლი ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ირაკლი ბერაიას მიერ თანამდებობის დატოვება არასერიოზული მოთხოვნაა. ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლისგან განსხვავებით, ქალ ოპოზიციონერებს ბოდიში არ მოუხდიათ თავიანთი გამონათქვამებისთვის. „როდესაც ეს ადამიანები, მათ შორის, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები საუბრობენ ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მათ ამის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი სწორედ ეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები არიან. ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვიღაცის გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში, საკუთარ ზრდილობასა და ეთიკას მიხედონ, სადაც სერიოზული პრობლემები და ხარვეზები აქვთ. ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატს „პატარა კაცებს“ რომ ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? თქვენ „ბოდიში“ თეონა აქუბარდიასგან გახსოვთ, რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა? ამიტომ, ორმაგი სტანდარტები არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი - სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება, იქ არ გვიჭირს ხოლმე და არც ირაკლი ბერაიას გაუჭირდა სინანულის გამოხატვა. ჩვენ „ბოდიშიც“ კი არ მოგვისმენია ამ კონკრეტული დეპუტატებისგან, როცა ისინი უზრდელობდნენ, არღვევდნენ ეთიკის სტანდარტებს. ეს არ გაუჭირდა ირაკლი ბერაიას, იმიტომ, რომ ის არის ღირსეული ადამიანი. როგორ შეიძლება ქალი დეპუტატი იქცეოდეს ისე, როგორც ესენი იქცევიან?! ისინი ახდენენ, მათ შორის, გენდერული კვოტების დისკრედიტაციას, რაც ჩვენ შემოვიღეთ. როცა ამ დეპუტატებს ვუყურებ, აშკარად ხდება ამ კვოტების დისკრედიტაცია. თუკი ვინმე ამ პარლამენტში ახდენს პოლარიზაციას ხელოვნურად, ესენი არიან სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. მინდა, მანდ მოვუწოდო, პატივი სცენ საკუთარ საპარლამენტო სტატუსს, იმას, რომ არიან ქალი დეპუტატები და მოიქცნენ სხვანაირად! მათ აქვთ ორმაგი, შვიდმაგი სტანდარტი, ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი, რომ უნდა იყოს ეთიკური წესები დაცული,“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა. მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა ქალ დეპუტატებს, რომლებიც მმართველი გუნდის წევრების, მათ შორის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას მხრიდან შურაცხმყოფელი სიტყვების სამიზნეები იყვნენ.
დაზვერვის სამსახურს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა. ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პრემიერმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ახალი უფროსი ირაკლი ბერაია წარუდგინა. „პრემიერმა, მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრული თანადგომა აღუთქვა. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია 5 აპრილს, პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე დაინიშნა. ირაკლი ბერაია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი,“ ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.