თეგი: ირაკლი ზარქუა
ირაკლი ზარქუას თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა საჭირო არ არის
„ქართული ოცნების" დეპუტატი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვის საჭიროება არ დგას. ამ საკითხზე კომენტარი მედიასთან, მან საქართველოს პარლამენტში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი: არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ფილტრაციის სისტემა, რომელიც საქართველოში არაკეთილმოსურნეების შემოსვლას გამორიცხავს. „ჩვენ რუსეთთან მიმართებაში გვაქვს ფილტრაციის ის სისტემა, რომელიც გამორიცხავს არაკეთილმოსურნეების შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში, ამის ნათელი დადასტურებაა დღემდე რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საზღვარი, მათ შორის ტრანზიტად გამოიყენეს, ამაზეც ითქვა, თუმცა არანაირი პროვოკაცია აქ არ მომხდარა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, შსს ასევე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ შესაბამისად, ფილტრაცია აქვთ შესაბამისი, აქედან გამომდინარე, არ საჭიროებს გადახედვას", - თქვა ზარქუამ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთთან სავიზო რეჟიმი გადაიხედოს, რადგან ზედმეტად ლიბერალურია.