თეგი: ირინე ჩიხლაძე

სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის აპარატის ახალი მოადგილე წარადგინა. ის კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ რამდენიმე თვის წინ თანამდებობა დატოვა. ჩიხლაძე სახალხო დამცველის აპარატში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდა, სადაც 2020-2024 წლებში ჯერ კომპანიის დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იგი ასევე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული პროფესორი კონკურენციის სამართალსა და ევროპის სამართალში. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში ირინე ჩიხლაძე მუშაობდა მიუნხენში (გერმანიაში) ბავარიის სადაზღვევო პალატის ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტში, იყო გერმანიაში ქართველთა გაერთიანების გამგეობის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარგზავნილი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ირინე ჩიხლაძე დღემდე არის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის (LMU) იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. მინიჭებული აქვს ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. მაგისტრატურის ფარგლებში გავლილი აქვს სასწავლო სემესტრი გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტში. სხვადასხვა წელს მუშაობდა გერმანიის ფედერალურ ანტიმონიპოლიურ სამსახურში (ბონში) და გერმანიის პარლამენტის ბიუროს აპარატში (ბერლინში); ასევე, სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, საქართველოს პარლამენტის ბიუროს აპარატში, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში.