თეგი: ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსი“ ინაშვილისა და თარხან-მოურავის ვიზიტზე: დასამალი არაფერია, ჩამოვლენ და პრეს-კონფერენციას გამართავენ
europetime-მა კითხვით მიმართა „საქართველოს პატრიოტთა“ ალიანსს იმყოფებიან თუ არა მათი პარტიის ლიდერები მოსკოვში. პარტიის ოფისმა დაადასტურა, რომ ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი საქართველოში არ იმყოფებიან, თუმცა სად არიან პარტიის ლიდერები ამის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. „დასამალი არაფერია, დაბრუნდება ირმა ინაშვილი საქართველოში და პრეს-კონფერენციას გამართავს“, - განუცხადეს europetime-ს „პატრიოტთა ალიანსში“. მანამდე რუსეთის ფედერაციის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი შეხვდა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარეს, დავით თარხან-მოურავს და გენერალურ მდივანს, ირმა ინაშვილს. როგორც ფედერაციის საბჭოს ოფიციალური ვებსაიტი იუწყება, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. „ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ ასწლოვანი მეგობრობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ხალხია, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან კონტაქტების გაფართოებას", - განაცხადა ჯაბაროვმა. ამავე ვებგვერდის ცნობით, დავით თარხან-მოურავმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პარტია საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია. მან ასევე ილაპარაკა რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირების სამომავლო მხარდაჭერასა და განვითარებაზე. შეხვედრაზე დიალოგის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.