თეგი: ისრაელის დროშა

თბილისში ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე შსს-მ წარმოება დაიწყო - მედია

თბილისში ისრაელის დროშის შებღალვის ფაქტზე დაწყებულია საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართლდაღვევათა კოდექსის (მუხლი 174​ (18) შესაბამისად, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. რადიო თავისუფლების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით იდენტიფიცირებულია ოთხი პირი. ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შენობის ღობეზე აღმართული ისრაელის დროშის ჩამოხსნასა და შებღალვას. ​ შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.