თეგი: იტალიის განათლების მინისტრი

მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან, პატრიციო ბიანკისთან. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. „იტალიის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლების მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა იტალიელ კოლეგას საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორები გაიხსნა, სადაც უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმის მიხედვით აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან და ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1 000-მდე მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იტალიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.