თეგი: იუდით პოლგარი
მოჭადრაკე იუდით პოლგარმა უნგრეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე უარი განაცხადა
უნგრელმა ჭადრაკის ლეგენდამ იუდით პოლგარმა ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე უარი განაცხადა. ახალი პრეზიდენტის არჩევა და ახალი კონსტიტუციის შემუშავება პრემიერ პეტერ მადიარის გეგმის ძირითადი ელემენტებია, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ძალაუფლების დემონტაჟს ისახავს მიზნად, რისთვისაც მადიარის თქმით, მან ამომრჩევლებისგან ძლიერი მანდატი მიიღო. პოლგარმა Facebook-ზე დაწერა, რომ მადლიერია შეთავაზების გამო. „თუმცა მე არ ვგრძნობ საკმარის ძალას, რომ გაყოფილი ერის გაერთიანების ისტორიული პასუხისმგებლობა ავიღო, ამიტომ ვერ ვეთანხმები ამ თხოვნას,“ - დაწერა იუდით პოლგარმა. პრემიერმა პეტერ მადიარმა იუდით პოლგარს უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება სთხოვა. მადიარის თქმით, უნგრეთს სჭირდება ერთიანობა, მშვიდობა და პრეზიდენტი, რომლითაც ყველა უნგრელი იამაყებს. მადიარმა აღნიშნა, რომ 49 წლის პოლგარს შეუძლია, ერის ერთიანობის სიმბოლო გახდეს.