თეგი: იური არისტოვი

ომის დროს მალდივებზე დასვენების შემდეგ, უკრაინელ დეპუტატს მანდატი ჩამოერთვა

27 ივლისს უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელს, იური არისტოვს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. გადაწყვეტილებას 320-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მანამდე, 25 ივლისს უკრაინული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იური არისტოვი ივლისის შუა რიცხვებში მალდივის კუნძულებზე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა. არისტოვმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით იმავე დღეს მიმართა. მის საქმეს უკრაინის საგამოძიებო ბიურო და უსაფრთხოების სამსახური სწავლობენ. ცნობისთვის 25 ივლისს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაშინ, როცა მეომრები და ხალხი გამარჯვებისა და თავისუფლებისთვის შეუძლებელსაც კი აკეთებენ, უკრაინის ინტერესების ნაცვლად შიდა ღალატი, პლაჟები და პირადი გამდიდრება, სულ მცირე, მძვინვარებას იწვევს და ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს.