თეგი: იური პეისახოვიჩი
ისრაელში ფილტვის გადანერგვის პირველი რობოტიზებული ოპერაცია წარმატებით ჩატარდა
ისრაელში, ბეილინსონის სამედიცინო ცენტრის (Beilinson Medical Center) ქირურგებმა, დოქტორ იური პეისახოვიჩის ხელმძღვანელობით, ფილტვის გადანერგვის პირველი რობოტიზებული ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. Da Vinci-ს რობოტული სისტემის გამოყენებით ჩატარებული ეს ქირურგიული ჩარევა მსოფლიოში დღემდე ჩატარებულ დაახლოებით 20 მსგავს პროცედურას შორის ერთ-ერთია. როგორც წესი, ფილტვის გადანერგვა, 8-დან 10 საათამდე გრძელდება და გულმკერდის სრულ გახსნასა და ნეკნების დაშორებას საჭიროებს, რაც ძლიერი პოსტოპერაციული ტკივილით ხასიათდება, ეს პაციენტისთვის ღრმად ჩასუნთქვასა და ნახველის გამოყოფას ართულებს და ფილტვების ინფექციებისა და გართულებების რისკს საგრძნობლად ზრდის. ხსენებული ოპერაცია კი რამდენიმე მცირე განაკვეთით განხორციელდა. ქირურგებმა რობოტის დახმარებით გადანერგილი ფილტვი პაციენტის სისხლძარღვებსა და სასუნთქ გზებს მინიმალური ტრავმით მიუერთეს, რის შედეგადაც, პაციენტის რეაბილიტაცია მოსალოდნელზე სწრაფად წარიმართა. ახალი მეთოდის გამოყენებამ გამორიცხა მკერდის ძვლის დიდი გაჭრა და ნეკნების გაწევა. მსოფლიოში პირველი ასეთი ოპერაცია 2023 წელს ესპანეთში ჩატარდა.