თეგი: იშვიათი წიაღისეული
ამერიკას მოკავშირეებთან ერთად, იშვიათი წიაღისეულით ვაჭრობისთვის ბლოკის შექმნა სურს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მოკავშირეებთან ერთად, აშშ-ს იშვიათი მინერალებით ვაჭრობისთვის ბლოკის შექმნა სურს. ვაშინგტონი მზადაა ასეთი ბლოკის მონაწილეებთან ერთად, მინერალების ფასების კოორდინაცია უზრუნველყოს. ჩინეთის დომინირებისგან თავის დასაცავად, აშშ მინიმალური ფასების შენარჩუნების მომხრეა. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს ტარიფების დაწესებას მინიმალური ფასების შესანარჩუნებლად და კომპიუტერული ჩიპების, ელექტრომობილებისა და თანამედროვე იარაღის დასამზადებლად გამოყენებული კრიტიკული მინერალების მარაგების შესავსებად. ვენსის თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომმა ნათელი გახადა, რომ ქვეყნების უმეტესობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიტიკულ მინერალებზე, რომლის გაყიდვებში, დიდწილად, დომინანტი ჩინეთია. ჯეი დი ვენსის თქმით, ამიტომ არის აუცილებელია კოლექტიური მოქმედებები, რათა დასავლეთი ამ სფეროში თვითკმარი გახდეს. „ჩვენ გვსურს, აღმოვფხვრათ ის პრობლემა, როდესაც ადამიანები ჩვენს ბაზრებზე იაფფასიანი კრიტიკული მინერალებით შემოდიან, რათა ჩვენმა ადგილობრივმა მწარმოებლებმა შეამცირონ ფასები,“ – განაცხადა ვენსმა. „ჩვენ დავაწესებთ კრიტიკული მინერალების რეფერენტულ ფასებს წარმოების თითოეულ ეტაპზე და პრივილეგირებული ზონის წევრებისთვის ეს ფასები იმოქმედებს როგორც ქვედა ზღვარი, რომელიც შენარჩუნდება რეგულირებადი ტარიფებით ფასების მთლიანობის შესანარჩუნებლად,“ – განმარტა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ისთვის კრიტიკული მინერალების სტრატეგიული მარაგი შექმნა, რათა ქვეყნის ინდუსტრია არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ წყაროზე. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას 55 ქვეყანა დაესწრო (მაგალითად, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გერმანია). კრიტიკული მინერალები ახლა ძირითადად ერთ ქვეყანაშია კონცენტრირებული, რაც გეოპოლიტიკურ ხელსაწყოდ იქცა. აშშ-მ შეხვედრაზე დააანონსა მექსიკასთან ორმხრივი და ევროკავშირსა და იაპონიასთან სამმხრივი შეთანხმებები, რათა გაძლიერდეს მიწოდების ჯაჭვები და შესაძლებელი გახდეს ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა. აშშ-მ, ევროკავშირმა და იაპონიამ ასევე განაცხადეს, რომ სხვა გზებსაც გამოიყენებენ, მათ შორის, დიდი შვიდეულის მოლაპარაკებებსა და Minerals Security Partnership-ის ფარგლებში თანამშრომლობას. არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, ცალკე განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმდა ჩარჩოზე, რომელიც მიზნად ისახავს მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებასა და დივერსიფიკაციას რადგან ქვეყანა სპილენძისა და ლითიუმის ექსპორტის გაზრდას ცდილობს.