თეგი: კამიკაძე დრონები

უკრაინა ირანისგან, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, 28 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში მან ირანს მოსთხოვა, რომ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტოს.  „ირანს მოვთხოვე დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც სამოქალაქო პირების დასახოცად და უკრაინაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებენ", - წერს კულება Twitter-ზე.  კულებას არ უთქვამს, რა რეაქცია მოჰყვა ირანის მხრიდან კიევის ამ მოთხოვნას. ამასთან, ირანულ მხარეს საუბრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. შეგახსენებთ, ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.