თეგი: კეიჯუ მიცუჰაში

ADB-ის ენერგეტიკის დირექტორი: საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა. თუ სისტემა მხოლოდ ერთ წყაროზეა დამოკიდებული, რისკებისა და შოკების მიმართ ის ბევრად უფრო მოწყვლადია, - ამის შესახებ „აზიის განვითარების ბანკის“ ენერგეტიკის დირექტორმა კეიჯუ მიცუჰაშიმ განაცხადა. ADB-ის ენერგეტიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის გარდა, ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია გადამცემი და ელექტროენერგიის დამაგროვებელი სისტემების განვითარება. აღსანიშნავია, რომ „აზიის განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველი სააკუმულატორო ქვესადგური შეიქმნება. 2025 წლის აპრილში ADB-მა პროექტისთვის 104 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი დაამტკიცა. „სხვადასხვა ტიპის ენერგიის ინტეგრირებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ძლიერი და მდგრადი „მწვანე“ ენერგოსისტემა. საქართველოს, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაა. თუ სისტემა მხოლოდ ერთ წყაროზე ან ერთ ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული, რისკებისა და შოკების მიმართ ის ბევრად უფრო მოწყვლადი ხდება. რისკებიდან გამომდინარე, აუცილებელია ენერგიის წყაროების მრავალფეროვნება. ამისთვის ერთ-ერთი გზა სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება და სხვადასხვა რეგიონიდან ელექტროენერგიის მიღებაა. გარდა ამისა, ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია დაკავშირებადობის უზრუნველყოფა. აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს გადამცემი სისტემა, მაგრამ საკითხი არ ეხება მხოლოდ იმას, რომ არსებობდეს საკმარისი სიმძლავრე ენერგიის ერთი ადგილიდან მეორეში გადასატანად - აუცილებელია ენერგიის დაგროვების შესაძლებლობების განვითარება. ეს საშუალებას იძლევა, რომ განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის ენერგიის ეფექტიანი ინტეგრაცია და ენერგოსისტემაში სტაბილურობა შენარჩუნდეს,“ - განაცხადა კეიჯუ მიცუჰაშიმ ADB-ის 59-ე წლიურ შეხვედრაზე. „აზიის განვითარების ბანკის“ ყოველწლიურ შეხვედრებს 3-6 მაისს უზბეკეთი, სამარყანდი მასპინძლობს. წლევანდელი შეხვედრების მთავარი თემაა: „პროგრესის გზაჯვარედინი: წინსვლა რეგიონის დაკავშირებული მომავლისთვის.“