თეგი: კინოთეატრები
კინოთეატრები და ბილეთების გაყიდვის ვებგვერდი კონკურენციის სააგენტომ 1,6 მილიონი ლარით დააჯარიმა
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ კინოთეატრები და ონლაინ ბილეთების გაყიდვის ვებგვერდი სოლიდური თანხით დააჯარიმა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს "სადისტრიბუციო კომპანიასა" და შპს "თინეთს" შორის დადებული ხელშეკრულებით, კინოთეატრების ბილეთები ექსკლუზიურად მხოლოდ tkt.ge-ზე იყიდებოდა. ასევე გამოირკვა, რომ იმავე პირობებით ბილეთების გაყიდვა სურდა biletebi.ge-ს, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა. სააგენტო განმარტავს, რომ დაჯარიმდა შპს "ელ.ბილეთებიც" (biletebi.ge), სწორედ იმის გამო, რომ ისიც "ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას." ჯარიმები დაეკისრა: "სადისტრიბუციო კომპანიას" ("სადისტრიბუციო კომპანია", შპს "კავეა საბურთალო", შპს "კავეა გალერეა", შპს "კავეა თბილისი მოლი", შპს "რუსთაველი ჰოლდინგ სინემა", შპს "ამირანი", შპს "აპოლო ბათუმი") - 1 120 562 ლარი; შპს "თინეთს" (100% წილის მფლობელი TBC Bank Group PLC) - 544 328 ლარი; შპს "ელ.ბილეთებს" (მომჩივანი) - 5 368 ლარი. "სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ - შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „ონლაინ თიქეთსს“ (სამართალმემკვიდრე შპს „თინეთი“) შორის დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა," - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში. სააგენტოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, დაჯარიმებულმა კომპანიებმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) დაარღვიეს.