თეგი: კირილ პეტკოვი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელი ორმხრივ ურთიერთობებში საიუბილეოა, რამდენადაც საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც კარგი საფუძველია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. საუბრისას, ხაზი გაესვა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ ტენდენციას, ასევე იმ პოტენციალს, რომელიც ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მიმართულებით არსებობს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ასევე მადლობა გადაუხადა ასოცირებული ტრიოს ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანი ფორმატია სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით ევროპული ინტეგრაციის პროცესში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მისაღწევად. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.