თეგი: კლეი დეგნანი

კელი დეგნანი: დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“ - კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როცა ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები, ისინი ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“ - კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როცა ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები, ისინი ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს“. „კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, რა არის ნებისმიერი ადამიანის მოტივი, რომელიც დაჟინებით იმეორებს ყალბ ინფორმაციას რომელიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს აშშ-ის ძალისხმევის არასწორად წარმოჩინებას“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.  მისივე განცხადებით, „შეერთებული შტატების ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სასტიკი და არაპროვოცირებული ომის განმავლობაში მშვიდობის აღდგენაზე იყო ორიენტირებული“. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტრაგიკული კონფლიქტი არ გავრცელდეს საქართველოზე და რომელიმე სხვა ქვეყანაზე. თებერვალში ხელახალ შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა იყო კარგად მობილიზებული, ხდებოდა მუდმივი გაფრთხილება ძალის არაპროვოცირებული გამოყენების წინააღმდეგ, იყო მუდმივი კომუნიკაცია როგორც პუტინთან, ასევე რუს ხალხთან, რომ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა არის საუკეთესო გამოსავალი. რუსეთმა უგულებელყო ეს გაფრთხილებები და ახლა კიდევ უფრო იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან. დასავლეთს არასოდეს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს საქართველოს ომში ჩართვის. როგორც საქართველოს ლიდერებს თავიდანვე ვუთხარით, ჩვენ გვესმის საქართველოს მგრძნობიარე პოზიცია, გამომდინარე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის მიმართ საქართველოს საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით. ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და ამით ცდილობენ საქართველოს დაყოფას მისი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ მომენტში. ისინი, ვინც ვარაუდობენ, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ საქართველო ომში იქნებოდა, ან ვინც ავრცელებს ნარატივს „მეორე ფრონტის“ შესახებ, ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებებს ეხმიანებიან მმართველი პარტიის წევრები. ისინი ცუდ სამსახურს უწევენ საქართველოს ხალხს და ყურადღება გადააქვთ იმ მნიშვნელოვანი საქმისდან, რომელიც უნდა გაკეთდეს ხალხის გაერთიანებისა და საქართველოს წინსვლისთვის. დასავლეთი თანამშრომლობს საქართველოსთან, რომ შეწყდეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია მშვიდობიანად და მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილ უამრავ ადამიანს. ჩვენი პოზიცია ნათელია - ეს განაცხადეს პრეზიდენტმა ბაიდენმა, მდივანმა ბლინკენმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჩვენმა მრავალრიცხოვანმა სტუმარმა და მე. ეჭვგარეშეა, რომ როგორც საქართველოს პარტნიორს, ჩვენ გვინდა მშვიდობა - აქ, უკრაინაში და მთელს ევროპაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის, რომლის ნაწილი საქართველოცაა. ჩვენც გვაქვს კითხვები საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტიდან - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებიდან ყურადღების გადატანის მოტივებზე და დაჟინებით იმის გამეორებაზე, რაც უკვე არაერთგზის ითქვა, რომ დეზინფორმაციაა. ჩვენ არაერთხელ ვუპასუხეთ კითხვებს საქართველოში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ. რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია. ჩვენ არ ვერევით საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში და არ გვაქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. საელჩო ორიენტირებულია გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა, რამაც განსაზღვრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. ეს იყო წარმატებული და პროდუქტიული პარტნიორობა, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ და რითიც ათასობით საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.