თეგი: კობა ხაბაზი
ხაბაზზე თავდასხმაზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის მუხლით იძიებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირის ცემის ფაქტებზე უწყებამ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში IPN-თან განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტებს შორისაა ოპოზიციონერ პოლიტიკოს კობა ხაბაზზე თავდასხმაც. კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ნიღბიანი პირები შეიჭრნენ, რომლებიც ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია მათ შორის, კობა ხაბაზიც. კოალიციას "ცვლილებისთვის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, თავდამსხმელებს ჰქონდათ სხვადასხვა საგანი და ასევე ელექტროშოკებიც. რაც შეეხება „TVპირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, შსს-ს ცნობით, ფაქტები შესაბამის სამსახურშია გადაგზავნილი. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, „ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ითვალისწინებს და ჯარიმას ან ორ წლამდე პატიმრობას გულისხმობს. უწყების განცხადებით, დანაშაულში მხილებული პირების დადგენის და დაკავების მიზნით ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.