თეგი: კოლაფსი
დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის დაშლის სცენარისთვის - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
დასავლეთმა ყურადღება უნდა გაამახვილოს რუსეთის მაქსიმალურად დასუსტებაზე უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარ რინკევიჩსმა განაცხადა. „რუსეთში მმართველი რეჟიმისთვის ომი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ, გადარჩენის საკითხია, ამიტომ დემოკრატიულ სამყაროს არ უნდა ეშინოდეს რუსეთის ფედერაციის დაშლის, არამედ შეიარაღდეს მოთმინებითა და გამძლეობით“,- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ „დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის დაშლის სცენარებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დადგება, კერძოდ, ბირთვული იარაღის საკითხი, მიგრაციული ნაკადები და შიდა პროცესები რუსეთში. მაგრამ ზოგადად, დასავლეთის ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსეთის ფედერაციის მაქსიმალურ დასუსტებაზე და სამხედრო რეალობას ფრონტზე, რასაც უკრაინელი სამხედროები განსაზღვრავენ“. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ბევრ დიდ ქვეყანას არ სჯეროდა უკრაინის უნარის, რომ წინააღმდეგობას გაუწევდა რუსეთის შემოჭრას. მისივე თქმით, თავიდან დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ძირითადად საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობით ეხმარებოდნენ, ახლა კი მას უფრო და უფრო თანამედროვე იარაღს აძლევენ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტურია, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირსა და G7 ქვეყნებს, მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ჩინეთთან, აზიისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან ვაჭრობის შესაძლებლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი გარდამავალი პერიოდის გამო მხოლოდ ახლა იგრძნობს გასული წლის გაზაფხულზე დაწესებული ზოგიერთი სანქციების გავლენას.