თეგი: კომუნიკაციების კომისია
საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა
კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1,009,000 შეადგინა, საიდანაც 962 ათასი ფიზიკური პირი აბონენტია. 2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4.3%-ით, 41 ათასი აბონენტით გაიზარდა. 2021 წელს გასულ წელთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით 158 სოფლით მეტს მიეწოდება. საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება, როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით, კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სააბონენტო სიმკვრივე შინამეურნეობაზე 86.7%-ია. ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა 474 ათასი „მაგთიკომს“ ჰყავს, 286 ათასი - „სილქნეტს“, 59 ათასი აბონენტი - „ახალი ქსელების ჯგუფს“, 50 ათასი „სქაიტელს“, ხოლო 94 ათასი აბონენტი სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება. 2021 წელს, გასული წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, რეგიონებში აბონენტების რაოდენობის ზრდამ 7% შეადგინა. თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან ინტერნეტი 2351 სოფელშია ხელმისაწვდომი. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, “Log-in Georgia”-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი სოფლად მცხოვრები 1000 სოფლის 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა.
SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს. კომუნიკაციის კომისიის ცნობით, ამ საკითხზე ორგანიზაციის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის თანამშრომლებმა SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს, სადაც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. გაცნობით შეხვედრაზე კომისიის და მედიალაბის თანამშრომლებმა Starlink-ის წარმომადგენელთან საქართველოში, სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვაზე, ასევე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავის მხრივ, SpaceX-ის წარმომადგენელმა კომისიის თანამშრომლებს საქართველოში SpaceX-ის სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე მედიალაბის მიერ გადამზადებული სტარტაპერების მიერ შექმნილი პროექტები წარადგინეს. ცნობისთვის, Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება, მიაჩნიათ კომუნიკაციების კომისიაში. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა SpaceX-ის წარმომადგენელთან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქართულ ტელეკომ გარემოს ადგილზე გაეცნოს. ჩვენ მას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში „ტელეკომის“ მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ. Starlink არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემა.
კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა
დღეს ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს. შეგახსენებთ, „SpaceX“-ის წარმომადგენელი გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების კომისიას სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
კომუნიკაციების კომისია: მეორე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი 19 მლნ ლარი იყო
2022 წლის მეორე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4.1 მილიონი ლარით, 17.5%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ტელევიზიების და რადიოების სარეკლამო შემოსავლების 67.4% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 21.7% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 9.7%-თაა გაზრდილი. „აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. 2021 წლის მეორე კვარტალში აზარტული თამაშების კომპანიებისგან ტელევიზიებმა და რადიოებმა 4.6 მილიონ ლარზე მეტი სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. 2022 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 17.5 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 66.1% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალში 22.1% იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10.2%-თაა გაზრდილი. სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე დიდი წილი კვლავ „ტელეიმედს“ ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.9 მილიონი ლარით შემცირდა და 6 მილიონი ლარი შეადგინა. „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალი 0.6 მილიონი ლარით შემცირდა და 2.6 მილიონი ლარი იყო. „მედია ჰოლდინგის“ (ყოფილი რუსთავი2) სარეკლამო შემოსავალმა 2.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.4 მილიონი ლარით ნაკლებია. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი არ შეცვლილა და წინა წლის მსგავსად 1.8 მილიონი ლარი შეადგინა. 0.3 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “ტელეკომპანია პირველმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმა 1.4 მილიონი ლარი შეადგინა. “პოსტვ”-ის შემოსავალი 1 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. “ჯი-დი-ეს თი-ვი”-ს სარეკლამო შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონი ლარი იყო. 0.7 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი “სილქნეტმა” მიიღო, რომლის სარეკლამო შემოსავალმა სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით „ობიექტივის“ შემოსავალი არ შეცვლილა და 0.1 მილიონი ლარი დარჩა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათი სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის მეორე კვარტალში 0.2 მილიონი ლარით შემცირდა და 1.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 82.9% პირდაპირი რეკლამა იყო. სპონსორობის წილი კი 16.9% იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია. რადიომაუწყებლებიდან მიღებული სარეკლამო შემოსავლების მიხედვით, ყველაზე მეტი 885 ათასი ლარი „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას“ ჰქონდა. „რადიო იმედმა“ 156 ათასი ლარი, „რადიო პალიტრამ“ კი – 91.3 ათასი ლარი მიიღო. „ქართულმა რადიომ“ წინა წლის მსგავსად 77.5 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. „მდ ჯგუფს“ – 67.0 ათასი ლარის, „მედია ჰოლდინგ აფხაზეთის ხმას“ – 47.9 ათასი ლარის, ხოლო „ჩვენ რადიოს“ 47.3 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთმა“ 30.5 ათასი ლარი, „რადიო ჯორჯიან თაიმსმა“ – 25.7 ათასი ლარი, კომპანია „მედიასტრიმმა“ – 22.2 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. სხვა რადიომაუწყებლებს ჯამში 145.6 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავლები ჰქონდათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური მესამე ვადით აირჩიეს
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ კომისიის წევრებმა კახა ბექაური მესამედ, სამი წლის ვადით აირჩიეს. როგორც კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.
კომუნიკაციების კომისია: “იმედის” და “რუსთავი 2-ის" შემოსავალი გაიზარდა, “მთავარი არხის” - შემცირდა
გასულ წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები შემცირდა, რადგან მთავრობამ აზარტული თამაშების კომპანიებს სამაუწყებლო რეკლამა აუკრძალა. 2021 წელს აზარტული თამაშების კომპანიებისგან მაუწყებლებმა თითქმის 18 მლნ ლარი მიიღეს, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი 70%-ით, 5 მლნ ლარამდე შემცირდა. კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს. კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტელევიზიებმა მესამე კვარტალში ჯამში 18 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. 2023 წლის მესამე კვარტალში ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები გაზრდილია. მეტწილად - “იმედისა” და “რუსთავი 2-ის" ხარჯზე. განახლებული მონაცემები ივლის-სექტემბრის პერიოდს ასახავს. მონაცმეები გასული წლის იმავე პერიოდთან არის შედარებული. ტელევიზიებმა მესამე კვარტალში ჯამში 18 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს, აქედან 23% - 3,5 მილიონი ლარი - მატებაა წინა წელთან შედარებით. ტელეკომპანიების შემოსავლები: “იმედი” - გაიზარდა 1,4 მილიონი ლარით; “რუსთავი 2” - გაიზარდა 1,1 მილიონი ლარით; “მთავარი არხი” - შემცირდა 0,2 მილიონი ლარით; POS TV - გაიზარდა 0,5 მილიონი ლარით; “ფორმულა” - გაიზარდა 0,4 მილიონი ლარით; “TV პირველი” - გაიზარდა 0,1 მილიონი ლარით. ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, ყველაზე მეტი რეკლამა შევიდა “იმედში”. ამ არხის შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა და 6,3 მილიონი ლარი გახდა. მეორე ადგილზეა “რუსთავი 2”, რომლის შემოსავალი 73%-ით გაიზარდა და 2,6 მილიონი გახდა.