თეგი: კონკურსი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების კანდიდატურები ცნობილია
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს. მთავრობის მეთაური საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე 2-2 კანდიდატს წარუდგენს. „კანდიდატები საკონკურსო კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, თითოეულთან ინდივიდუალური გასაუბრების შედეგად შეარჩია. კომისიის წევრებმა იმ კონკურსანტებს მოუსმინეს, რომლებმაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილეს და კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად, შესაბამისი ვადების დაცვით წარადგინეს. ინდივიდუალური გასაუბრებები ჯამში 15-მდე კანდიდატთან ჩატარდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 17 იანვრის N5 და N6 ბრძანებების საფუძველზე გამოცხადდა. საკონკურსო კომისიების თავმჯდომარეა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი, რომელიც კომისიის წევრებმა, პირველ სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე აირჩიეს. საკონკურსო კომისიების შემადგენლობაში არიან: • მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; • ანრი ოხანაშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; • გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; • ბაკურ აბულაძე - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; • გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემთხვევაში, აღნიშნულ შემადგენლობას ააიპ - „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე კარლო ნიკოლეიშვილი ემატება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა
სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა
ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსები ჩაშლილად გამოცხადდა. კულტურის სამინისტროს განცხადებით, ზესტაფონის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. 27 იანვარს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მასთან არსებულ პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე სამი კანდიდატურა - რეჟისორები დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზესტაფონის თეატრში დასანიშნად სამინისტროს არ წარედგინოს არცერთი კანდიდატი, ვინაიდან წარმოდგენილ კანდიდატთაგან ვერც ერთმა საბჭოს სხდომაზე ვერ დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა. „სსიპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა, მაგრამ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არცერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. რაც შეეხება სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა 6-მა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა კონსტანტინე აბაშიძემ, ამავე თეატრის მსახიობმა - მაია სამანიშვილმა და რეჟისორებმა: გიორგი ჩალაძემ, ზაზა კიკნაველიძემ, მიხეილ ჩარკვიანმა და საბა ასლამაზიშვილმა. კულტურის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის შემთხვევაში, არადამაკმაყოფილებელია გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში (რაც სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელისთვის კონკურსის ფარგლებში სავალდებულოა წარმოსადგენად). რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი, კარიერის მოცემულ ეტაპზე, შეძლებენ ისეთი მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვას, როგორიც არის ქუთაისის დრამატული თეატრი. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად კიდევ ერთ თეატრში გამოცხადდა
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. კულტურის სამინისტროს ცნობით, მოცემულ თეატრში კონკურსი 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა. „კონკურსის ფარგლებში სამინისტროს მომართა სამმა კანდიდატმა - თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა ცერცვაძემ, თეატრის ყოფილმა დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, ნანა წერეთელმა და რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ. კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი თეატრის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგიული გეგმა მოკლებულია კონკრეტიკას და ვერ ქმნის ნათელ წარმოდგენას მომავალი ოთხი წლის მანძილზე თეატრის განვითარების შესახებ. რაც შეეხება ორ სხვა კანდიდატს, ერთ-ერთი მათგანი არ აკმაყოფილებს „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ხოლო მეორე მათგანის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ზოგადი ხასიათისაა და არ ემყარება ჭიათურის თეატრის საჭიროებებს. შესაბამისად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების თაობაზე“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. სამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.
ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ, განკარგულება დღეს გამოსცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კონკურსი ცხადდება 2022 წლის აგვისტოში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით. „ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@president.gov.ge ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ"-,,ვ" ქვეპუნქტებისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.